ფაბიანელთა საზოგადოება

ფაბიანელთა საზოგადოება — ბრიტანული სოციალისტური ორგანიზაცია, რომლის მიზანია დემოკრატიული სოციალიზმის პრინციპების განვითარება თანმიმდევრული და რეფორმისტული და არა _ რევოლუციური გზებით[1]. იგი ყველაზე უკეთ ცნობილია თავისი ინიციატივებით მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ჩათვლით. საზოგადოებამ ხელი შეუწყო ლეიბორისტული პარტიის დაარსებას დიდ ბრიტანეთში და შეცვალა მრავალი ქვეყნის პოლიტიკა, რაც მოჰყვა ბრიტანეთის იმპერიის დეკოლონიზაციას.

დღეს საზოგადოება ფუნქციონირებს, როგორც პოლიტიკის ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთ-ერთს 15 ფაბიანური საზოგადოებიდან, რომლებიც აფილირდება ლეიბორისტულ პარტიასთან. მსგავსი საზოგადოებები არსებობს ავსტრალიაში (ავსტრალიის ფაბიანელთა საზოგადოება), კანადაში (დაგლას-კოლდუელის ფონდი) და ახალ ზელანდიაში.

ფაბიანელთა საზოგადოების დაარსებასა და სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა ფრენკ პოდმორმა, სპეციალობით ფსიქოლოგმა. სახელი ფაბიანელებს ჰქვიათ კვინტუს ფაბიუსის მაქსიმუს ვერუკოზუსის (არ უნდა აგვერიოს იულიუს კეისრის თანამებრძოლში, ქვინტუს ფაბიუს მაქსიმუს სანგაში) მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო მეორე პუნიკურ ომში კართაგენის წინააღმდეგ დაყოვნების პოლიტიკის სწორი გამოყენებით, რისთვისაც შეერქვა მეტსახელი „კუნქტატორი“ (დამყოვნებელი).

საზოგადოების სიმბოლოა კუ წითელ ან ვარდისფერ ფონზე, რომელსაც თათი აუწევია დასარტყმელად და ამბობს: "When I strike, I strike hard" (სიტყვების თამაშია: "როდესაც მე ვარტყამ, მე ვარტყამ მაგრად", ანდა "როდესაც მე გავიფიცები, მე გავიფიცები მაგრად"). ფაქტობრივად, კუ ასიმბოლირებს საზოგადოების მიზანს, სოციალიზმის თანდათანობით ექსპანსიას.

„ფაბიანელთა საზოგადოება“ დაარსდა 1884 წლის 4 იანვარს, როგორც განშტოება საზოგადოებისა „ახალი სიცოცხლის ამხანაგობა“, რომელიც დაარსებული იყო 1883 წელს[2]. ამხანაგობის წევრები იყვნენ პოეტები ედვარდ კარპენტერი და ჯონ დევიდსონი, სექსოლოგი ჰეივლოკ ელისი და მომავალი ფაბიანელთა მდივანი ედვარდ რ. პიზი. მათ საზოგადოების გარდაქმნა სურდათ, მაგალითს აძლევდნენ სხვებს სისპეტაკისა და გამარტივებული ცხოვრების, რათა გაყოლოდნენ მათ, მაგრამ როდესაც ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო პოლიტიკურად აქტიური, რათა დახმარებოდა საზოგადოების გარდაქმნას, გადაწყვიტეს რომ ცალკე საზოგადოება, „ფაბიანელთა საზოგადოებაც“ უნდა შექმნილიყო. ყველა წევრს შეეძლო დასწრებოდა ორივე საზოგადოების შეკრებებს. „ფაბიანელთა საზოგადოება“ დამატებით მხარს უჭერდა დასავლეთ ევროპის რენესანსის ეპოქის იდეების განხორციელებასა და მათ საჯაროდ გამოცხადებას მთელ მსოფლიოში.

„ახალი სიცოცხლის გაერთიანება“ დაიშალა 1899 წელს, მაგრამ „ფაბიანელთა საზოგადოება“ გაიზარდა და გახდა დაწინაურებული აკადემიური საზოგადოება გაერთიანებულ სამეფოში ედვარდის ეპოქაში. საზოგადოების ტიპური წევრები იკრიბებოდნენ ავანგარდულ „კოეფიციენტების კლუბში“. მრავალი წლის განმავლობაში გაერთიანების საჯარო შეხვედრები იმართებოდა ესექსის დარბაზში, რომელსაც ჰქონდა პოპულარული ადგილმდებარეობა სტრენდთან ახლოს, ლონდონის ცენტრში.

ჯგუფის ბროშურის თავფურცელზე გამოჩნდა განმარტებითი წერილი, რომელიც აცხადებდა: „სწორედ ასეთ დროს, თქვენ უნდა ელოდოთ, როგორი მოთმინებითაც ელოდა ფაბიუსი ჰანიბალთან ბრძოლას, თუმცა კი ბევრი კიცხავდა მას ასეთი შეყოვნებების გამო, მაგრამ როდესაც დრო მოვა, თქვენ უნდა ფაბიუსისნაირად მოიქცეთ და ძლიერად შეუტიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ლოდინი ფუჭი და უნაყოფო აღმოჩნდება“.

დარეგისტრირების შემდეგ მალევე „ფაბიანელთა საზოგადოება“ შეუდგა უამრავი გამოჩენილი თანამედროვის მიზიდვას, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სოციალისტური შეხედულებების საფუძველზე. მათ შორის აღმოჩნდნენ ჯორჯ ბერნარდ შოუ, ჰერბერტ ჯორჯ უელსი, ანი ბეზანტი, გრემ ვოლასი, ჰიუბერტ ბლანდი, ედით ნესბიტი, სიდნი ოლივიე, ოლივერ ლოჯი, ლეონარდ ვულფი და ვირჯინია ვულფი, რამსეი მაკდონალდი და ემელინ პანკჰერსტი. ბერტრანდ რასელიც კი გარკვეული დროით გახდა საზოგადოების წევრი, მაგრამ წამოვიდა იქიდან მას შემდეგ, რაც გამოთქვა თავისი რწმუნება იმის შესახებ, რომ საზოგადოების ანტანტურ პრინციპებს (ამ შემთხვევაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გაერთიანდნენ გერმანიის წინააღმდეგ) შესაძლოა ომამდეც კი მიეყვანა საქმე.

ფაბიანელთა საზოგადოების ცენტრში იდგნენ სიდნი უები და ბეატრის უები. მათ ერთად დაწერეს მრავალრიცხოვანი კვლევები სამრეწველო ბრიტანეთზე, ასევე ალტერნატიულ კოოპერაციულ ეკონომიკაზე, რომელიც ეხებოდა კაპიტალისა და მიწის საკუთრების უფლებას. ფაბიანელთა საზოგადოების პირველი ბროშურები, რომლებიც იცავს სოციალური სამართლიანობის პრინციპებს, დაემთხვა 1900-იანი წლების დასაწყისში განხორციელებულ ლიბერალურ რეფორმებს. ფაბიანელთა წინადადებები უფრო პროგრესული იყო, ვიდრე ისინი, რომლებიც დაადგინეს ლიბერალური რეფორმის კანონმდებლობაში. ფაბიანელები ლობირებდნენ საარსებო მინიმუმის შემოღებას 1906 წელს, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნას 1911 წელს და პერის წოდების მემკვიდრეობითი გადაცემის გაუქმებას 1917 წელს.

Other Languages