სპერი

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სპერი (მრავალმნიშვნელოვანი).
ისპერი დღევანდელი თურქეთის რუკაზე

სპერი (ამჟამად თურქეთის პროვინცია İspir — ისპირი) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს ჭოროხის ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტე იხსენიებს მის მოსახლეობას — სასპერებს (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან „სასპერ“-ოდან). სპერის ტერიტორია შავ ზღვამდე აღწევდა (აქედან სახელწოდება „სპერის ზღუა“). ძვ. წ. IV—III საუკეებში სპერი, ქართლის სამეფოს წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო (სტრაბონი სპერის „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს).

სპერის მხარის ერთი ნაწილი — ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან სომხეთის, ხან ქართლის მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ. წ. II საუკუნეში და ახ. წ. III—IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი 1570-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაშია, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შედის. XIII საუკუნის ბოლოს სამცხის მთავარმა ბექა მანდატურთუხუცესმა სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. 1578 წლიდან ეს ძირძველი ქართული მხარე ოსმალეთმა მიიტაცა. ამჟამად იგი შედის თურქეთის ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.

ლიტერატურა

Other Languages
català: Sper
Deutsch: İspir
English: İspir
Esperanto: İspir
español: Sper
français: İspir
հայերեն: Սպեր (գավառ)
kurdî: Espîr
лакку: Испир
кырык мары: Испир
Bahasa Melayu: İspir
norsk: İspir
русский: Испир
Kiswahili: İspir
Türkçe: İspir
اردو: اسپیر
Tiếng Việt: İspir
Bân-lâm-gú: Horasan