ლონდონის დიდი ხანძარი

ლონდონის დიდი ხანძარი
(Alt ტექსტი სურათისათვის)
„ლონდონის დიდი ხანძარი“ – უცნობი მხატვრის ნამუშევარი. სავარაუდოდ, უნდა აღწერდეს სამშაბათ საღამოს (4 სექტემბერი, 1666 წ.) და დახატული უნდა იყოს ნავიდან ტაუერ-ვარფის მიდამოებში. მარჯვნივ მოჩანს ლონდონის ტაუერი, ხოლო მარცხნივ – ლონდონის ხიდი, მათ უკან, მოშორებით, ცეცხლის ალში გახვეულია ძველი წმინდა პავლეს კათედრალი.
მდებარეობადიდი ბრიტანეთის დროშა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
თარიღი2 სექტემბერი5 სექტემბერი 1666
შედეგიმთლიანად დაიწვა 13 200 სახლი და 87 ეკლესია; უსახლკაროდ დარჩა 80 000–ზე მეტი ადამიანი.

ლონდონის დიდი ხანძარი — უდიდესი ხანძარი ინგლისის ისტორიაში, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონის ცენტრალური ნაწილი და მძვინვარებდა 1666 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე.[1] ხანძარმა მთლიანად გადაწვა შუა საუკუნეებში აშენებული ქალაქის საქმიანი უბანი სიტი, რომელიც მოქცეული იყო რომაელების მიერ აგებულ ლონდონის კედლის შიგნით. მიუხედავად საშიშროებისა, ხანძარი არ გავრცელებულა ქალაქის არისტოკრატიულ ნაწილ უესტმინსტერსა (სადაც მდებარეობდა ჩარლზ II-ის უაიტჰოლის სასახლე) და გარეუბნების ღარიბული დასახლებების დიდ ნაწილზე.[2] განადგურდა 13 200 სახლი, 87 ეკლესია, წმინდა პავლეს კათედრალი და სიტის სამმართველო შენობების უმეტესობა; უსახლკაროდ დარჩა ლონდონის 80 000 მცხოვრები.[3] გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მცირე იყო, რადგან ოფიციალურად ამ ხანძრით დაღუპვის მხოლოდ ექვსი შემთხვევაა ჩანიშნული. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის შემდეგ ღარიბი და საშუალო ფენის ადამიანებით დასახლებული ადგილები არ აღწერილა, სადაც, შეიძლება, ხანძარმა თავისი მსხვერპლი ისე დაწვა, რომ მათი პოვნა შენობის ფერფლში ვეღარ მოხერხდა. ლონდონის მუზეუმში გამოფენილი თიხის იმ დამდნარი ნაჭრის ანალიზით, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილ პუდინგ-ლეინზე იპოვეს, დადგინდა, რომ აქ ტემპერატურა 1700 °C-ს აღწევდა.[4]

ხანძარი გაჩნდა ტომას ფარინერის (ან ფარინორი) საცხობში, პუდინგ–ლეინზე, კვირას, 2 სექტემბერს, შუაღამიდან ცოტა ხანში და სწრაფად გავრცელდა სიტის რაიონში დასავლეთით. იმჟამინდელი მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება და ცეცხლისთვის ხელოვნური ბარიერების მოწყობა, რაც შენობათა ნაწილის დანგრევას გულისხმობდა, უკიდურესად დააყოვნა ლონდონის ლორდ-მაიორმა ტომას ბლუდვორთმა, რომელმაც ვერ გაბედა რადიკალურ ზომების მიღება. ნგრევის ბრძანება მხოლოდ კვირა ღამით გაიცა, როდესაც საცხობში გაჩენილი ცეცხლი ძლიერ ქარს ცეცხლოვან ქარიშხლად გადაექცია და მიღებულმა ზომებმა ვეღარ შეძლეს ხანძრის შეჩერება. ორშაბათს ხანძარი ჩრდილოეთითაც გავრცელდა და მიაღწია ქალაქის გულს. პარალელურად ქალაქში გაჩნდა ჭორი, რომ ხანძარს აჩენდნენ ლონდონში მცხოვრები უცხოელები. უსახლკარო მოსახლეობას გაუჩნდა შიში და ამის გამო მათ ეჭვი მიიტანეს ფრანგებსა და ნიდერლანდელებზეინგლისელების იმჟამინდელ მოწინააღმდეგეებზე ინგლის-ჰოლანდიის ომში; იმიგრანტთა ეს ჯგუფები გახდნენ ქუჩაში ძალადობისა და ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლნი. სამშაბათს ხანძარი გავრცელდა სიტის უმეტეს ნაწილზე, გაანადგურა წმინდა პავლეს კათედრალი, გადალახა მდინარე ფლიტი და დაემუქრა მეფე ჩარლზ II-ის სასახლე უაიტჰოლს. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხერხდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინირება, რამაც ხელი შეუშალა ცეცხლის ახალ ადგილებზე გადასვლას. ხანძრის მთლიანად ჩაქრობა ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჩადგა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო ლონდონის ტაუერის გარნიზონმა გამოიყენა დენთი, რათა აფეთქებებით შეექმნათ ეფექტური ბარიერები ცეცხლის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

ხანძრით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყნისთვის უზარმაზარი იყო. სასწრაფო ევაკუაციას და დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებლების მიცემას ხელს აქტიურად უწყობდა მეფე ჩარლზ II, რომელიც უფრთხოდა საკუთრებადაკარგული ლტოლვილების მასობრივ აჯანყებას. მიუხედავად მრავალი ვარიანტისა, ლონდონის რეკონსტრუქცია ჩატარდა არსებითად იმავე ქალაქგეგმარებითა და ქუჩათა წყობით, რაც ხანძრამდე იყო.[5]

ლონდონი 1660-იან წლებში

ცენტრალური ლონდონი 1666 წელს, დამწვარი ტერიტორია ნაჩვენებია ვარდისფრად.

1660-იანი წლებისთვის ლონდონი იყო ბრიტანეთის უდიდესი ქალაქი ნახევარი მილიონი მცხოვრებით. ინგლისელი მწერალი ჯონ ეველინი, ბაროკოს სტილის არქიტექტურის მქონე პარიზთან შედარებისას, ინგლისის დედაქალაქს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„ხით ნაგები, ჩრდილოური, მჭიდროდ დასახლებული სახლებით გაშენებული ქალაქი“

და აღნიშნავს ხანძრის ადვილად გავრცელების მაღალ რისკს, ხის შენობებისა და დიდი სიმჭიდროვის გამო.[6] სახლები აგებული იყო ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე და ქალაქი იზრდებოდა ქაოსურად. ბოლო 400 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა რომაელების მიერ აგებული დამცავი კედლის შიგნით მოქცეული უბნის მოსახლეობა. მკვეთრად იმატა მცხოვრებთა რაოდენობამ კედლის გარეთ არსებულ ისეთ ჭუჭყიან, ღარიბულ დასახლებებშიც, როგორებიცაა შოურდიჩი, ჰოლბორნი და საუთარკი და მიაღწია განცალკევებით მდებარე უესტმინსტერის დასახლებას.[7]

XVII საუკუნის ბოლოსთვის სიტის ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრული იყო კედლითა და მდინარე ტემზით, ლონდონის მხოლოდ პატარა ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც 700 აკრის (2,833 კმ²)[8] ფართობი ეჭირა, ხოლო მკვიდრთა რაოდენობა კი 80 000-ს, ანუ მთლიანი მოსახლეობის ერთ მეექვსედს, აღწევდა. სიტი გარშემორტყმული იყო გარეუბნების რკალით, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობდა. სიტი მაშინაც, ისევე როგორც დღეს, დედაქალაქის კომერციული ცენტრი იყო. ის, აგრეთვე, იყო ინგლისის უმსხვილესი და ყველაზე გადატვირთული პორტი, რომელსაც ვაჭართა და მეწარმეთა ფენა ფლობდა.[9] არისტოკრატია თავს არიდებდა სიტის და ცხოვრობდა ქალაქგარეთ, ღარიბული უბნებისგან მოშორებით ან უესტმინსტერის რაიონში (დღევანდელი უესტ-ენდი), სადაც მეფის სასახლე – უაიტჰოლი მდებარეობდა. შეძლებული ლონდონელები ამჯობინებდნენ, ეცხოვრათ მოსახერხებელი მანძილის დაშორებით გადატვირთული, დაბინძურებული, არაჯანსაღი სიტისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ დასახლებებში ბუბონური ჭირის ეპიდემია გავრცელდა 1665 წელს.

იმ პერიოდში სამეფო კარსა და სიტის შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. სამოქალაქო ომის წლებში (1642–1651) ლონდონის სიტი რესპუბლიკელების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა და დედაქალაქის ეს მდიდარი და ეკონომიკურად ძლიერი ნაწილი პოტენციურად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ჩარლზ II-ისთვის. 1660-იანი წლების დასაწყისში აჯანყებულმა რესპუბლიკელებმა რამდენიმე დემონსტრაცია მოაწყვეს მონარქიის წინააღმდეგ. სიტის მოსამართლეები იმ თაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც სამოქალაქო ომში იბრძოდა და კარგად ახსოვდათ, რა ზიანი მიაყენა ქვეყანას ჩარლზ I-ის სწრაფვამ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.[10] მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, წინ აღდგომოდნენ მამის ქცევების მსგავს ყოველგვარ მცდელობას ჩარლზ II-ის მხრიდან და ამიტომ მაშინაც კი, როცა ხანძარმა მთლიანად განადგურების საფრთხე შეუქმნა სიტის, მათ უარი თქვეს ჯარით და სხვა რესურსებით დახმარებაზე, რომელიც მეფემ შესთავაზა. ასეთ საგანგაშო მომენტშიც კი მეფის ჯარების სიტიში შესვლა ნამდვილი პოლიტიკური დინამიტი იყო. ამ დროისთვის გენერალ-მაიორისგან ჩარლზ II-ს უკვე ჰქონდა მიღებული ცნობა, რომ ხანძარი უკონტროლო გამხდარიყო.[11]

ლონდონის პანორამა 1616 წელს - კლას ფიშერი. შენიშვნა: ლონდონის ხიდზე (სურათის მარჯვენა ნაწილი) ჩანს ზედ აგებული სახლები, რაც აშკარად დიდ საფრთხეს ქმნის ხანძრის შემთხვევაში. თუმცა შენობების უმეტესობა 1632 წლის ხანძარმა გაანადგურა.
ლონდონის პანორამა 1616 წელს - კლას ფიშერი. შენიშვნა: ლონდონის ხიდზე (სურათის მარჯვენა ნაწილი) ჩანს ზედ აგებული სახლები, რაც აშკარად დიდ საფრთხეს ქმნის ხანძრის შემთხვევაში. თუმცა შენობების უმეტესობა 1632 წლის ხანძარმა გაანადგურა.

ხანძრის საშიშროება სიტიში

სიტის ქუჩები არსებითად შუა საუკუნეების სტილისა და წყობის იყო – გადატვირთული, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული, მოკირწყლული ხეივნებით. 1666 წლამდე ქალაქის ამ უბანმა რამდენიმე დიდი ხანძარი გამოიარა, მათ შორის უკანასკნელი 1632 წელს იყო მომხდარი. სახლების ხით შენება და ჩალით გადახურვა საკუნეების მანძილზე აკრძალული იყო ლონდონში, თუმცა ამ იაფ მასალას მაინც იყენებდნენ კანონდარღვევით.[12] ქვით ნაგები შენობები მხოლოდ სიტის ცენტრში იყო, სადაც იდგა ვაჭრებისა და ბროკერების დიდი სახლები, ხოლო გარშემო გაშენებული იყო ღარიბთა დასახლებები, რომელთა ყოველი გოჯი ფართობი ათვისებული ჰქონდა სწრაფად მზარდ მოსახლეობას. ეს უბნები მოიცავდა ისეთ სამუშაო ადგილებსაც, სადაც ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი იყო, მათ შორის: ფოლადის სადნობი ქარხნები, სამჭედლოები და მინის საამქროები. წესით, სიტიში ყველა ეს საქმიანობა კანონით აკრძალულად ითვლებოდა, თუმცა პრაქტიკაში დაშვებული იყო. საცხოვრებელი სახლებიც ძალიან ზრდიდა ხანძრის რისკს. ამ პერიოდის ლონდონის ტიპური ექვს ან შვიდსართულიანი სახლი მთლიანად ხისაგან იყო ნაგები. გარდა ამისა, მათი საძირკველი და პირველი სართული იყო მცირე ფართობის, თუმცა ადგილის მოგების მიზნით, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ზედა სართულები თანდათან იზრდებოდა ზომაში. იმ პერიოდის ერთი აღმწერელი წერს:

ვიკიციტატა
„ ეს, როგორც აადვილებდა ხანძრის გავრცელებას, ისე ართულებდა საწინააღმდეგო ზომების მიღებას.[13] თუმცა, მოსახლეობის სიხარბე და მოსამართლეებისგან თვალის დახუჭვა [კორუფციის გამო] ხანძრის სასარგებლოდ მოქმედებდა.“

1661 წელს ჩარლზ II-მ გამოსცა პროკლამაცია, რომელიც კრძალავდა ხის საყრდენებს და გადმოკიდებულ აივნებს, თუმცა ამ კანონს სიტის ადგილობრივი მთავრობა სრულად უგულვებელჰყოფდა. ჩარლზის შემდგომი, უფრო მკვეთრი ბრძანება, 1665 წელს, აფრთხილებდა მოსახლეობას ხანძრის რისკის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ქუჩების სივიწროვისგან და იღებდა უფლებას, დაეპატიმრებინათ ურჩი მშენებლები და დაენგრიათ საშიში შენობები. მეფის ამ ქმედებამ მხოლოდ მცირედი ეფექტი მოახდინა.

მდინარის სიახლოვემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხანძრის განვითარებაში. ტემზა, ერთი მხრივ, ნავებით გაქცევის შესაძლებლობას იძლეოდა და წყლით ამარაგებდა მეხანძრეებს, თუმცა ღარიბ უბნებში მდინარის გასწვრივ იყო სწრაფად წვადი მასალით აგებული მაღაზიები და სარდაფები, რომელიც კიდევ უფრო ზრდიდა ხანძრის რისკს. ნავსადგურები, მოყანყალებული ბინები და ქოხმახები მოქცეული იყო „ძველ ქაღალდის შენობებსა და ყველაზე ადვილად აალებად მასალებს: კუპრს, ფისს, კანაფსა და სელს შორის, რომლებიც გარშემო ყველგან იყო.“[14] ლონდონი, ასევე, სავსე იყო ტყვია-წამლით, განსაკუთრებით მდინარის სანაპიროზე. მათი უმეტესობა მოსახლეობის კერძო სახლებში ინგლისის სამოქალაქო ომიდან შემორჩა. ოლივერ კრომველის ახალი მოდელის არმიის ყოფილი წევრები კვლავაც ინახავდნენ საკუთარ მუშკეტებსა და თოფის წამალს. იმ დროისათვის ლონდონის ტაუერში ხუთასიდან ექვსას ტონამდე დენთი ინახებოდა.[15] გარდა ამისა, ნავსადგურში საზღვაო ვაჭრები თავიანთ საქონელს ხის კასრებში ინახავდნენ.

XVII საუკუნის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები

ე.წ. „ხანძრის ანკესს“ იყენებენ ტივერტონის ხანძრის ჩასაქრობად 1612 წელს.

ხანძარი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხალხმრავალ, ხის სახლებით ნაგებ ქალაქში, სადაც ყოველდღიურად იყენებდნენ ღია ბუხრებს, სანთლებს და ღუმელებს. ამ დროისთვის არ არსებობდა პოლიციის ან სახანძრო ბრიგადის გამოძახების შესაძლებლობა, თუმცა ლონდონის ადგილობრივ მილიციას, რომელიც გაწვრთნილი რაზმის (Trainband) სახელით იყო ცნობილი, სულ მცირე, კანონის მიხედვით, ვალდებულნი იყვნენ, მიექციათ ყურადღება ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის ქალაქში, ხოლო ხანძრისთვის თვალყურის დევნება იმდროინდელი ღამის გუშაგების ერთ-ერთი სამსახურეობრივი მოვალეობა იყო. ლონდონში ათასობით გუშაგი და მეზარე (ქალაქის მაცნე) იყო, რომლებიც ქუჩებში ღამით პატრულირებდნენ. [16] სიტის ურჩი საზოგადოება საკუთარ თავზე იღებდა ხანძრის საწინააღმდეგო პროცედურებს, რაც, როგორც წესი, ეფექტური იყო. საზოგადოებრივ წესრიგზე მზრუნველი მოქალაქე, საშიში სახლის შემჩნევის შემთხვევაში, ეკლესიის ზარების რეკვით აძლევდა ნიშანს მოსახლეობას, რათა სწრაფად შეკრებილიყვნენ და ერთად დაეწყოთ ცეცხლის ჩაქრობა. მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ, იყო დანგრევა და წყლის დასხმა. კანონით, ყველა ეკლესიის სამრეკლოს მსგავსი შემთხვევებისთვის უნდა ჰქონოდა შესაბამისი აღჭურვილობა: გრძელი კიბეები, ტყავის სათლები, ნაჯახები და ე.წ. „ხანძრის ანკესები“ შენობების ჩამოსანგრევად (საილუსტრაციოდ იხილეთ სურათი მარჯვნივ).[17] ზოგჯერ უფრო მაღალ შენობებს მიწის დონეზე დენთის აფეთქებით ასწორებდნენ. ცეცხლისთვის ბარიერის შესაქმნელად რადიკალური ღონისძიებები მხოლოდ ხანძრის ბოლოს გატარდა. თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ამან დაამარცხა სტიქია.[18]

Other Languages
беларуская (тарашкевіца)‎: Пажар у Лёндане 1666 году
Bahasa Indonesia: Kebakaran Besar London
한국어: 런던 대화재
Bahasa Melayu: Kebakaran Besar London
srpskohrvatski / српскохрватски: Veliki požar u Londonu
Simple English: Great Fire of London
中文: 倫敦大火
粵語: 倫敦大火