თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Disambig-dark.svg თსუ“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თსუ (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თსუ-ის პირველი კორპუსი
ლათ.: Universitas Tphilisensis
დაფუძნდა 8 თებერვალი, 1918
[ძვ. სტ. 26 იანვარი]
ტიპი საჯარო
რექტორი გიორგი შარვაშიძე
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი 0128, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო
ტელეფონი +995 32 2225107 რექტორატი
კამპუსი 11
მეტსახელი თსუ
საიტი http://www.tsu.edu.ge/
უნივერსიტეტის გერბი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ინტერიერი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.

უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.

1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1919- 1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. [1]

ქართული უმაღლესი განათლების ისტორია

გამოფენა ტფილისის გიმნაზიაში. 1913

საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში ( IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

Other Languages
беларуская (тарашкевіца)‎: Тбіліскі дзяржаўны ўнівэрсытэт
къарачай-малкъар: Тбилиси кърал университет
srpskohrvatski / српскохрватски: Državni univerzitet u Tbilisiju
oʻzbekcha/ўзбекча: Tbilisi Davlat universiteti