გოლფსტრიმი

ტემპერატურის მაჩვენებელი ჩრდილოეთ ატლანტიკაში
გოლფსტრიმის დინების სქემა

გოლფსტრიმი (ინგლ. gulf stream) — თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე.

საკუთრივ გოლფსტრიმი იწყება ფლორიდის სრუტის სამხრეთ ნაწილში და ვრცელდება დიდი ნიუფაუნდლენდის მარჩხობამდე. მისი წარმოშობის მიზეზია პასატური ქარების მიერ იუკატანის სრუტის გავლით მექსიკის ყურეში წყლის დიდი რაოდენობით მოდენა და ამის შედეგად მექსიკის ყურისა და მასთან მიმდებარე ატლანტის ოკეანის წყლების დონეთა შორის წარმოქმნილი მნიშვნელოვანი სხვაობა.ოკეანეში გასვლისას დინების სიმძლავრე 25 მლნ. მ³/წმ შეადგენს (2160 კმ³ დღე-ღამეში), რაც 20-ჯერ აღემატება მსოფლიოს ყველა მდინარის ჯამურ ხარჯს. ოკეანეში გოლფსტრიმი უერთდება ანტილის დინებას და ჩ.გ. 38°-ზე მისი სიმძლავრე 82 მლნ. მ³/წმ აღწევს.

გოლფსტრიმის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოძრაობის ზოგადი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, ეს დინება დედამიწის ბრუნვის ზეგავლენით მარჯვნივ კი არა, მარცხნივ გადაიხრება. ეს გამოწვეულია ატლანტის ოკეანის სუბტროპიკული ნაწილის ანტიციკლონურ არეში ოკეანის მაღალი დონითა და ანტილის დინების მიერ მექსიკის ყურიდან გამომავალი წყლის სამხრეთიდან შეგუბებით.

ოკეანეში გოლფსტრიმი მიედინება ჩრდილოეთისაკენ 6 კმ/სთ სიჩქარით (ზოგჯერ 10 კმ/სთ), ჰატერასის კონცხთან იგი გადაიხრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიუფაუნდლენდის მარჩხობისაკენ. აქ მისი სიჩქარე 3-4 კმ/სთ-მდე კლებულობს. დინების სიგანე სამხრეთით 75 კმ-ია, ჰატერასის კონცხთან 110-120 კმ, ნაკადის სიღრმე — 700-800 მ.

გოლფსტრიმს მიაქვს დიდი რაოდენობით სითბო და მარილები. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 25 °C-26 °C , მარილიანობა 36,2‰-36,4‰; მაქსიმალური მარილიანობა (36,5‰) აღინიშნება 200 მ სიღრმეზე. წყლის ტემპერატურის ცვალებადობა მჭიდროდაა დაკავშირებული თბილი ტროპიკული წყლის მომდენი პასატების ქროლვის სიძლიერესთან.

ნიუფაუნდლენდის მარჩხობის სამხრეთ კიდესთან გოლფსტრიმს ჩრდილოეთიდან უახლოვდება ლაბრადორის ცივი დინება, რომლის წყლებთან აღრევის დროს ზედაპირული წყალი იძირება. ნიუფაუნდლენდის მარჩხობს რომ ჩაუვლის, დაახლ. დ. გ. 40°-თან საკუთრივ გოლფსტრიმი გადადის ჩრდილო ატლანტიკურ დინებაში, რომელიც დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ქარების გავლენით ჰკვეთს ოკეანეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ევროპის სანაპიროებთან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ მიედინება.

გოლფსტრიმის თბილ დინებათა სისტემა დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ზღვებისა და საკუთრივ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ჰიდროლოგიურ და ბიოლოგიურ თვისებებზე, არამედ ატლანტისოკეანისპირა ევროპული ქვეყნების კლიმატზეც.

გოლფსტრიმის თბილი წყლები ათბობს ჰაერის მასებს, რომლებიც დასავლეთის ქარებს გადააქვს ევროპის სანაპიროებისაკენ და იწვევს ტემპერატურის გადახრას საშუალო განედური სიდიდეებიდან. იანვარში ნორვეგიის სანაპიროებთან ეს გადახრა 15-20° შეადგენს, მურმანსკთან 11° და მეტს.

Other Languages
العربية: تيار الخليج
azərbaycanca: Qolfstrim cərəyanı
башҡортса: Гольфстрим
Boarisch: Goifstrom
беларуская: Гальфстрым
беларуская (тарашкевіца)‎: Гальфстрым
български: Гълфстрийм
bosanski: Golfska struja
čeština: Golfský proud
Чӑвашла: Гольфстрим
Deutsch: Golfstrom
English: Gulf Stream
Esperanto: Golfa Marfluo
suomi: Golfvirta
føroyskt: Golfstreymurin
français: Gulf Stream
Frysk: Golfstream
עברית: זרם הגולף
hrvatski: Golfska struja
Հայերեն: Գոլֆստրիմ
Bahasa Indonesia: Gelombang Teluk
íslenska: Golfstraumurinn
қазақша: Гольфстрим
한국어: 멕시코 만류
Кыргызча: Гольфстрим
lietuvių: Golfo srovė
latviešu: Golfa straume
македонски: Голфска струја
नेपाल भाषा: गल्फ स्ट्रीम
Nederlands: Golfstroom
norsk nynorsk: Golfstraumen
português: Corrente do Golfo
русский: Гольфстрим
саха тыла: Гольфстрим
srpskohrvatski / српскохрватски: Golfska struja
slovenčina: Golfský prúd
slovenščina: Zalivski tok
српски / srpski: Голфска струја
svenska: Golfströmmen
Kiswahili: Mkondo wa Ghuba
Türkçe: Gulf Stream
українська: Гольфстрім
Tiếng Việt: Hải lưu Gulf Stream
West-Vlams: Golfstrôom