ბირთვული ფიზიკა

ბირთვული რეაქციები

ბირთვული ფიზიკა — თანამედროვე ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ატომის ბირთვს, ბირთვულ პროცესებსა და ელემენტარულ ნაწილაკებს. ბირთვული ფიზიკა ატომური მრეწველობის მეცნიერების საფუძველია.

ბირთვული ფიზიკა როგორც მეცნიერება, დასაბამს იღებს ფრანგი მეცნიერის ანტუან ბეკერელის მიერ რადიოაქტივობის მოვლენის აღმოჩენიდან (1896), რომლის შედეგადაც დადგინდა ატომის რთული აღნაგობა. ნივთიერებაში გამავალი α-ნაწილაკების ნაკადის გაბნევის შესწავლის საფუძველზე (1911) ინგლისელმა მეცნიერმა ერნესტ რეზერფორდმა აღმოაჩინა ატომის ბირთვი და წამოაყენა ატომის აღნაგობის პლანეტური მოდელი, რომლის თანახმად, ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და მის ირგვლივ მოძრავი ელექტრონებისაგან. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბირთვული ფიზიკის განვითარებაში არის ჯეიმზ ჩედვიკის მიერ ნეიტრონის აღმოჩენა (1932), რასაც მოჰყვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ატომის ბირთვი შედგება ნეიტრონებისა და პროტონებისაგან. ამავე წელს ხელოვნურად აჩქარებული ნაწილაკების გამოყენებით პირველად განხორციელდა ბირთვული გარდაქმნა.

თეორიული ბირთვული ფიზიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ბირთვული ძალების მეზონური თეორიის შექმნა, რაც იაპონელი მეცნიერის ჰიდეკი იუკავას დამსახურებაა. ბირთვის გაყოფის მოვლენის აღმოჩენამ (1939) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ბირთვულ ენერგეტიკას. ბირთვული ფიზიკის განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება მძლავრი ამჩქარებლების შექმნით, რაც საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს ბირთვული ურთიერთქმედებები დიდი ენერგიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დაგროვილია დიდი ექსპერიმენტული მასალა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ბირთვული ძალების ბუნების დადგენა.

თეორიული ბირთვული ფიზიკა ორი სახის სიძნელეს აწყდება. პირველი დაკავშირებულია იმ გარემოებებთან, რომ ცნობილი არ არის ბირთვის შემადგენელ ნაწილაკებს — ნუკლონებს შორის ურთიერთქმედების დეტალური ხასიათი, ხოლო მეორე იმ ფაქტთან, რომ ბირთვი მრავალი სხეულის სისტემაა, რის გამოც მისი თეორიული აღწერა დიდ მათემატიკურ სიძნელებთანაა დაკავშირებული.ბირთვის სრულყოფილი თეორიის შექმნა ორივე სიძნელის გადალახვას გულისხმობს. XX საუკუნის 60-70-იან წლებში თეორიული ბირთვული ფიზიკის მნიშვნელოვანი მიღწევაა ბირთვის მოდელური აღწერიდან მრავალი სხეულის პრობლემის ამოხსნის ზუსტ მათემატიკურ მეთოდებზე გადასვლა, რაც ბირთვული ძალების ხასიათის დეტალურად დადგენის საშუალებას მოგვცემს.

Other Languages
Afrikaans: Kernfisika
العربية: فيزياء نووية
asturianu: Física nuclear
беларуская: Ядзерная фізіка
беларуская (тарашкевіца)‎: Ядзерная фізыка
български: Ядрена физика
čeština: Jaderná fyzika
dansk: Kernefysik
Deutsch: Kernphysik
Esperanto: Nuklea fiziko
español: Física nuclear
Kreyòl ayisyen: Reyaksyon tèmonikleyè
magyar: Magfizika
Bahasa Indonesia: Fisika nuklir
Basa Jawa: Fisika nuklir
한국어: 핵물리학
Lëtzebuergesch: Kärphysik
latviešu: Kodolfizika
олык марий: Том физике
македонски: Нуклеарна физика
Bahasa Melayu: Fizik nuklear
Plattdüütsch: Karnphysik
Nederlands: Kernfysica
norsk nynorsk: Kjernefysikk
português: Física nuclear
sicilianu: Fìsica nucliari
srpskohrvatski / српскохрватски: Nuklearna fizika
Simple English: Nuclear physics
slovenčina: Jadrová fyzika
slovenščina: Jedrska fizika
српски / srpski: Нуклеарна физика
svenska: Kärnfysik
Türkçe: Nükleer fizik
українська: Ядерна фізика
oʻzbekcha/ўзбекча: Yadro fizikasi
Tiếng Việt: Vật lý hạt nhân