აბანტი

Disambig-dark.svg სიტყვას „აბანტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბანტი (მრავალმნიშვნელოვანი).
ეს სტატია არგოსის მეფის შესახებაა, იგივე სახელის მქონე სხვა პერსონაჟებისთვის იხილეთ: აბანტი (მითოლოგია)

აბანტი, აბასი ( ძვ. ბერძნ. Ἄβας -αντος) — არგოსის მეთორმეტე მეფე, ეგვიპტოსის ვაჟის ლინკევსისა და დანაიდ ჰიპერმნესტრას შვილი, არგონავტ იდმონის მამა, რომელსაც არგოსის მეფეები — აბანტიდები თავიანთ მამამთავრად თვლიდნენ. ცნობილია უფრო დანაოსის ჯადოსნური ფარით, რაც მისი პაპის ნაანდერძევი იყო, მერე ლინკევსმა აჩუქა აბანტს.

როდესაც დანაოსის ასულებმა — დანაიდებმა ქორწილის ღამეს საქმროები დახოცეს, 50 ძმიდან მხოლოდ ლინკევსი გადარჩა. როდესაც მერე ლინკევსისა და დანაიდ ჰიპერმნესტრას შვილმა აბანტმა (აბასმა) თავის მამას დანაოსის სიკვდილი პირველმა აუწყა (საიდანაც ჩანს, რომ ის ლინკევსს არ მოუკლავს, თუმცა ერთი ვერსია სწორედ ამას ამბობს: მოკლა და არგოსის ტახტი წაართვაო), გახარებულმა ლინკევსმა შვილს აჩუქა დანაოსის ფარი, რასაც ის ძალა ჰქონდა, რომ ამბოხებულ ხალხს აწყნარებდა. აბანტმა ის თავის ქალაქში ჰერას ტაძარში დაჰკიდა და ქალღმერთს ჰერას სადღესასწაულო ასპარეზობა გაუმართა. მოუსვენერმა გმირმა არკადიელი ნიმფა აგლაია შეირთო, ფოკიდაში თავისი სახელობის ქალაქი აბაი ააშენა, თესალიაში კოლონია შექმნა, კუნძული ევბეა დაიპყრო და თავისი ქვეშევრდომი აბანტების ტომი ამ კუნძულზე დაასახლა. ზოგი ვერსიით, პოსეიდონის ან ქალკონის და ნიმფა არეთუზას შვილია, აკრისიოსის, პროიტეს, კანეთოსის და ეიდიომენეს მამა, [1] [2] კანთოსის და დანაეს პაპა, პერსევსის პაპის მამა (აბანტი- აკრისიოსი- დანაე- პერსევსი). მას შემდეგ დაწესდა არგოსში ფარის ჩუქება. აბანტს ჰყავდა ტყუპი — აკრისიოსი და პროიტე, დედის მუცლიდანვე შეურიგებელი მოქიშპე ძმები. აკრისიოსმა სულაც განდევნა პროიტე. ამ უკანასკნელმა ლიკიაში მეფე იობატის ( ამფიანაქსის) ასული სთენებოია შეირთო, სიმამრის ჯარი მოიყვანა და ქალაქი ტირინთო გააშენა, ძმა კი არგოსს დასჯერდა. დანაოსის, ლინკევსის და ჰიპერმნესტრას საფლავებს არგოსის საბაზრო მოედანზე უჩვენებდნენ გამვლელ-გამომვლელს. [3] [4] [5] [6]

იხილეთ აგრეთვე

Other Languages
català: Abant (rei)
čeština: Abás
Deutsch: Abas (Argos)
Ελληνικά: Άβας ο Αργείος
español: Abas de Argos
eesti: Abas
magyar: Abasz
Latina: Abas (Argos)
srpskohrvatski / српскохрватски: Abant (argivski kralj)
slovenčina: Abas (syn Lynkea)
српски / srpski: Абант
Türkçe: Abas (kral)
українська: Абант (цар Аргоса)